შინაგანაწესი

სსიპ - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის

შრომის შინაგანაწესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.1.  სსიპ - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შინაგანაწესი შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და ვრცელდება  სსიპ - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის (შემდგომ - ცენტრი) თანამშრომლებზე.

1.2.  შინაგანაწესის მიზანია:

ა)ცენტრის თანამშრომელთა მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ეფექტიანობის ზრდა;

გ) თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

დ) თანამშრომელთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება;

ე) სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება;

ვ) სამსახურებრივი მოვალეობების  შესრულების ოპერატიულობის ამაღლება.

1.3.  ცენტრის შინაგანაწესით განსაზღვრულია შემდეგი საკითხები:

ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;

ბ) დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;

გ) სამსახურებრივ საკითხებზე ცენტრის უფროსის ბრძანებათა თანამშრომლებამდე დაყვანის წესი;

დ) ხელფასის  გაცემის დრო და ადგილი;

ე) დასაქმებულის მიერ შვებულების გამოყენების პირობები და წესი;

ვ) დასაქმებულის მივლინების წესი;

ზ) სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი;

თ) დასაქმებულის მოვალეობანი;

ი) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;

კ) დასაქმებულის მატერიალური პასუხისმგებლობა.

მუხლი 2. სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული.

2.1.ხუთდღიანი სამუშაო კვირის პირობებში, სამსახურში ყოველდღიური სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება 8 (რვა)  საათით.

2.2. სამუშაო დღე იწყება 9:30 საათიდან და სრულდება 17:30 საათზე.

2.3. დასაქმებულს  არასაპატიოდ ჩაეთვლება სამსახურში 9:30 საათის შემდგომ დაგვიანებით გამოცხადება და სამუშაო დროის დასრულებამდე სამსახურის დატოვება. აღნიშნული განიხილება როგორც დისციპლინური გადაცდომა, რისთვისაც გამოყენებული იქნება სათანადო პასუხისმგებლობის ზომები.

2.4. დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 (ერთი) საათისა.

მუხლი 3. დასვენებისა და უქმე დღეები, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების      შემდეგ დაწესებულებებში ყოფნის პირობები და წესი

3.1. დასაქმებულის დაწესებულებაში ყოფნა დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში  ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ ნებაყოფლობითია.

3.2. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადება ხდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსთან შეთანხმებით.

3.3.ზეგანაკვეთური სამუშაო დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იგი ანაზღაურდება კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 4.  სამსახურში არყოფნის შეტყობინებისა და სამსახურიდან დროებით გათავისუფლების წესი

4.1. თუ დასაქმებული სამსახურში ვერ ცხადდება დადგენილ დროს ან მას სამუშაო საათების განმავლობაში ესაჭიროება სამსახურის შენობიდან გასვლა, იგი ვალდებულია შეუთანხმდეს უშუალო ხელმძღვანელს.

4.2. წინასწარ უცნობი, მაგრამ საპატიო მიზეზით (ოჯახის წევრის გარდაცვალება, თანამშრომლის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, უბედური შემთხვევა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია  და სხვ.) სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსს გამოუცხადებლობის სავარაუდო პერიოდი, სათანადო მიზეზის მითითებით. სამსახურში გამოცხადების შემდგომ დასაქმებული ვალდებულია ცენტრის უფროსს წარუდგინოს მოხსენებითი ბარათი სამსახურში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე. აღნიშნულ პერიოდში სამსახურში გამოუცხადებლობა დასაქმებულს ჩაეთვლება საპატიოდ.

4.3.დასაქმებულთა სამსახურში გამოცხადებისა და გასვლის აღრიცხვა წარმოებს სპეციალური ჟურნალით.

მუხლი 5. შვებულება და საავადმყოფო ფურცელი

5.1.  დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში 24 სამუშაო დღით.

5.2.  დასაქმებულს შეიძლება მიეცეს ანაზღაურების გარეშე  შვებულება არანაკლებ 15 კალენდარული დღისა.

5.3.  დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე შეუძლია ისარგებლოს შვებულებით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულებით ბავშვის მოვლის გამო საქართველოს ორგანული კანონის ,,შრომის კოდექსის“ შესაბამისად.

5.4.  დასაქმებულს შეუძლია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულება გამოიყენოს ნაწილ-ნაწილ.

5.5.  ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე, ხოლო ანაზღაურებადი შვებულების აღებისას 1 კვირით ადრე ცენტრის უფროსს  მიმართოს განცხადებით შვებულების მოთხოვნის შესახებ, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი ან სხვა პირობების გამო, რის თაობაზეც დამსაქმებელმა უნდა მიმართოს ცენტრის უფროსს მოხსენებითი ბარათით.

5.6.  ცენტრის უფროსი უფლებამოსილია, უარი თქვას დასაქმებულის მიერ შვებულებით სარგებლობაზე, თუ მოცემულ პერიოდში, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შვებულებით სარგებლობა მიზანშეწონილი არ არის და დასაქმებულის შვებულებაში გასვლა უარყოფითად იმოქმედებს ცენტრის საქმიანობაზე.

5.7.  დასაქმებულის მიერ საავადმყოფო ფურცლის წარმოდგენისას, მისი დროებით შრომისუუნარობის პერიოდში გაცდენილი სამუშაო დრო ჩაითვლება საპატიოდ, შეუნარჩუნდება დაკავებული თანამდებობა და შესაბამისი შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).

5.8.  სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია დასაქმებულის შვებულებიდან გამოძახება მისივე თანხმობით, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე - შვებულების შეწყვეტის გზით.

5.9.  სამსახურებრივი აუცილებლობის შემთხვევაში, ანაზღაურებადი შვებულების გადატანა დასაშვებია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6. სამსახურებრივი მივლინება

6.1. დასაქმებულის მივლინება ფორმდება ცენტრის უფროსის ბრძანებით.

6.2.მივლინების ბრძანებაში მითითებული უნდა იქნეს: ინფორმაცია მივლინებაში გასამგზავრებელი პირის (პირების), მივლინების მიზნის, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღების, მივლინების ადგილის (ადგილების), მივლინებასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და მათი ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო სახსრების შესახებ, აგრეთვე, მომწვევი მხარის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხების თაობაზე.

6.3.სამივლინებო თანხების ანაზღაურება ხორციელდება მივლინების თაობაზე გამოცემული ბრძანების შესაბამისად, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს მივლინების დრო და ადგილი. ბრძანება ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას მივლინებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ, დანიშნულების მიხედვით.

6.4.მივლინებასთან დაკავშირებული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

მუხლი 8. სამსახურებრივ  საკითხებზე  ცენტრის უფროსის ბრძანებების თანამშრომლებამდე  დაყვანის წესი

8.1.სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით დასაქმებულებზე ცენტრის უფროსის მიერ გამოცემული ბრძანება შესაძლებელია ეხებოდეს ერთზე მეტ დასაქმებულს (პირთა შეზღუდულ წრეს) ან  მხოლოდ  ერთ  დასაქმებულს.

8.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება, რომელიც ეხება სამსახურის ერთზე მეტ დასაქმებულს (პირთა შეზღუდულ წრეს), ცხადდება საჯაროდ, რაც გულისხმობს სამსახურის შენობაში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას მის განთავსებას.

8.3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება, რომელიც ეხება  მხოლოდ ერთ დასაქმებულს, გასაცნობად გადაეცემა შესაბამის დასაქმებულს და დასტურდება  მისი ხელმოწერით ან ეგზავნება ფოსტით.

8.4.სამსახურებრივ საკითხებზე ცენტრის უფროსის ბრძანების თანამშრომლებამდე დაყვანას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული განყოფილების მთავარი სპეციალისტი საქმის წარმოებაში.

8.5.ამ მუხლის შესაბამისად გამოცემული ბრძანებების შესრულება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისათვის.

მუხლი 9. ხელფასის გაცემის დრო და ადგილი

9.1. ცენტრის თანამშრომლებზე ხელფასი გაიცემა ყოველი თვის ბოლოს დასაქმებულის კუთვნილ სპეციალურ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 10. შრომის დაცვის, სანიტარული  და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ნორმები

10.1.დასაქმებულთათვის შესასრულებლად სავალდებულოა შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ცენტრის უფროსის სამართლებრივი აქტებით.

10.2.შრომის უსაფრთხოების და სანიტარული წესებიდან გამომდინარე ცენტრის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:

ა) გამოსაკვლევ მასალასთან მუშაობისას დაიცვან ინსტრუქციის გათვალისწინებული უსაფრთხოების წესები (გამოიყენონ ხალათები, სპეცტანსაცმელი, პირბადე, ხელთათმანი, ბახილები),

ბ) გამოყენებული მრავალჯერადი დამცავი ტანსაცმლის ავტოკლავირება მიზნობრივად მოხდეს დანადგარებთან სპეციალურად მიმაგრებული პირის მიერ,

გ) ცენტრის თანამშრომლებმა საკვების მისაღებად უნდა ისარგებლონ სპეციალურად გამოყოფილი ოთახით და არ დაუშვან საკვების მიღება სამუშაო კაბინეტში.

10.3.ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაოდ აღიარებული  უფლებებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნებიდან გამომდინარე, სამსახურის შენობაში თამბაქოს მოხმარება ნებადართულია მხოლოდ ამისათვის გამოყოფილ შესაბამის ადგილას.

მუხლი 11. დისციპლინური პასუხისმგებლობა

11.1.საქართველოს ორგანული კანონის  ,,საქართველოს შრომის კოდექსის“, დასაქმებულთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით ან/და თანამდებობრივი ინსტრუქციით, წინამდებარე შინაგანაწესით განსაზღვრული მოვალეობების (მათ შორის, სამსახურში დაგვიანება, სამსახურიდან სამუშაო დროზე ადრე წასვლა და ა.შ.) დარღვევის შემთხვევაში,  დასაქმებულის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.

11.2.დისციპლინური გადაცდომისათვის დასაქმებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების უფლება აქვს ცენტრის უფროსს.

11.3. დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:

ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;

გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან თანამშრომლისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.

11.4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია:

ა) ამოღებულია;

ბ) გაფრთხილება;

გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;

დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით – არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა;

ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა – არა უმეტეს ერთი წლისა;

ვ) სამსახურიდან განთავისუფლება.

11.4.11.4. პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა იქნება გამოყენებული დასაქმებულის მიმართ, რომელსაც სამსახურებრივი (კორპორატიული) მობილურის ნომერი სისტემატურად ექნება გამორთულ მდგომარეობაში.

11.5. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.

11.6. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში შეტანით.

11.7. ცენტრის უფროსს უფლება აქვს დასაქმებულს ვადამდე ადრე მოუხსნას ეს პასუხისმგებლობა, თუ მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ.

11.8. თუ დასაქმებულს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

11.9. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე ადრე მოხსნა ფორმდება წერილობით ორ პირად. ერთი პირი რჩება ცენტრში, მეორე პირი კი გადაეცემა დასაქმებულს.

11.10. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე ადრე მოხსნა შეიტანება პირად საქმეში.

მუხლი 12. დასაქმებულის მატერიალური პასუხისმგებლობა

12.1.ცენტრის ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებაზე ზედამხედველობას ახორციელებს ადმინისტრაციული განყოფილება.

12.2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) განახორციელოს კონტროლი იმ ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე, რომელიც გადაცემული აქვს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;

ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ცენტრის უფროსს მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის თაობაზე;

გ) ქონების დაზიანების შემთხვევაში ცენტრის უფროსსა და ადმინისტრაციული განყოფილების უფროსს წარუდგინოს ახსნა-განმარტებითი ბარათი.

12.3. დასაქმებული პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე. იგი ვალდებულია:

ა) ქონება გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის;

ბ) ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის შესახებ წერილობით აცნობოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს;

გ) არ გადასცეს თავის მფლობელობაში არსებული ქონება სხვა თანამშრომელს ადმინისტრაციული განყოფილებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.

მუხლი 13.  დასაქმებულის ვალდებულებანი

13.1. დასაქმებული ვალდებულია:

ა) დაიცვას კონსტიტუცია და კანონები, პატივი სცეს სახელმწიფოს ინტერესებს და ავტორიტეტს, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი;

ბ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება;

გ) შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანება, განკარგულება და მითითება, მითითება რომელიც გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში;

დ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშა დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს ცენტრის მუშაობას და ლახავს მის ავტორიტეტს;

ე) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ისე სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს ან/და პირადი მიზნებისთვის არ გამოიყენოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება, სხვა პირთა ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურეობრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით;

ვ) დაიცვას მატერიალური ფასეულობები;

ზ) წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე ცენტრის შენობაში და მის ტერიტორიაზე;

თ) პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი.

13.2. დაუშვებელია მოსამსახურის მიერ სამსახურში კომპიუტერული თამაშებით სარგებლობა და ინტერნეტის რესურსების არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება.

მუხლი 14. გათავისუფლებული თანამშრომლის ვალდებულებანი

14.1. დასაქმებული ვალდებულია სამსახურიდან გათავისუფლებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი სტრუქტურულ ერთეულის უფროსს ჩააბაროს ცენტრის კუთვნილი მატერიალური ფასეულობები, რაზეც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ დასაქმებულთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორება.

მუხლი 15. დასკვნითი დებულებანი

15.1. წინამდებარე შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად ყველა დასაქმებულისათვის.

15.2.დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობით.

15.3.ადმინისტრაციული განყოფილების მთავარი სპეციალისტი საქმის წარმოებაში ვალდებულია გააცნოს დასაქმებულს წინამდებარე შინაგანაწესი, რაც დასტურდება დასაქმებულის ხელმოწერით.

15.4.ხელწერილი შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე ინახება მოსამსახურის პირად საქმეში.

15.5.ცენტრის შინაგანაწესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ცენტრის უფროსის ბრძანებით.

მთავარი ჩვენს შესახებ საჯარო ინფორმაცია სერვისი ფოტო გალერეა კონტაქტი